თბილისის მოქმედმა მერმა და "ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნისას თბილისის მოსახლეობას პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, მისი საარჩევნო შტაბი იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს მოუსმენენ.
"ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ, რა თქმა უნდა, ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას. ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია.
რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით, ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, ერთად ვიყავით მაშინაც, როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა არსებული პანდემია.
ეს ქალაქი არის, იყო და მომავალშიც იქნება მაგალითი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის და სოლიდარობის. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი პირადად მე, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ. ერთად შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ახალი საბავშვო ბაღები. მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.