ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს არცერთ შემთხვევაში არ დანიშნავენ, მხოლოდ მათი პარტაქტივის წინასაარჩევნოდ მობილიზებას ემსახურება.
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წააგებს.
"საქართველოს ამომრჩეველს სურს ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა "ქართული ოცნებითვის," რომ 2024 წლამდე შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ მოცემულობაში, რაც ძალიან კარგად იცის კობახიძემ და ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი პარტაქტივის მობილიზებას ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელსაც, მე ვპირდები "ქართულ ოცნებას," რომ ისინი ძალიან დამაჯერებლად წააგებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, პირველ რიგში, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა გუნდმა 43%-ზე ნაკლები აიღოს.
"ხელისუფლება თავისი ნებით არ ატარებს ხოლმე რიგგარეშე არჩევნებს, რაღაცა უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ ის იძულებული გახდეს, რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მათ 43%-ზე ნაკლები აიღონ, რომ ოპოზიციას მორალურად გამართული პოზიცია ჰქონდეს. ასევე აუცილებელია, რომ იცოდეს ხალხმა, რომ ოპოზიცია რომ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, იქ რომ მოიგოს ოპოზიციამ, მაშინ რა შეიცვლება ამ ქვეყანაში და როგორი იქნება ქვეყანა ამ ყველაფრის შედეგად,"- ცახადებს ხვიჩია.