16 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
აგვისტოს ომიდან ცამეტი წელი გავიდა - ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს

დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მეცამეტე წლისთავს აღნიშნავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს კონფლიქტების მოგვარებას.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

ევროკავშირი ერთგული რჩება, მხარი დაუჭიროს კონფლიქტით დაზარალებული ყველა საზოგადოების უფლებებს. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკით, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლისთვის სამართლიანობა აღდგეს.

კვლავ სრულად ვუჭერთ მხარს კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერია ევროკავშირის განცხადებაში. 

დღის ამბები