2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი. მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია. 13 წლის წინ, 7 აგვისტოს განსაკუთრებით გამწვავდა. დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. საქართველოს მოქალაქეები დღემდე მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. სწორედ ეს არის აგვისტოს ომის შედეგი.
საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს. სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა.
დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.