13 წელი 2008 წლის რუსული აგრესიიდან და ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. გატაცებები, ჩაკეტილი ახალგორი, მცოცავი ანექსია და მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა, ეს მხოლოდ ნაწილია რუსული აგრესიის, რომლის შედეგსაც ჩვენ ამ დრომდე ფაქტობრივად ყოველდღიურად ვხედავთ.
დღეს ომში დაღუპული გმირები ოპოზიციის ნაწილმა ძმათა სასაფლაოზე გაიხსენა, საოკუპაციო ხაზთან იყო ჩასული უმრავლესობა. თუმცა, დღევანდელ დღესაც არ ჩაუვლია ოპონენტებს შორის პოლიტიკური ბრალდებების გარეშე.
რუსული ინტერესების გატარებაში "ქართული ოცნება" საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
მმართველ გუნდში ნაცმოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, ახსენებენ, რომ აგვისტოს ომის წლისთავს 2014 წლამდე ისინიც 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია თარიღებით მანიპულაციას ცდილობს, რაც ერთის მხრივ საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მეორე მხრივ კი ომის გმირებს შეურაცხყოფას აყენებენ.