ევროპარლამენტარებმა 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან პანევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, შეაჩეროს გამძვინვარებული "ბორდერიზაციის" პროცესი, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დარღვევები, დაუშვან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება წინაპართა მიწაზე," - ნათქვამია განცხადებაში.