16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, დეოკუპაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება - საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 წლიანი გეგმა წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე - "დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა“ - მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც უწყება ეტაპობრივად იწყებს. 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

"რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 13 წლის წინ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ ყველას, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო თანამშრომლებო, ყველას მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგული სამსახურისთვის. თქვენ მართლაც ემსახურებით და იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე თქვენ გევალებათ. მე რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ კოვიდ პანდემიის დროს თქვენს უშუალო ჩართულობას, როგორ ემსახურებოდით ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, როგორ აქტიურად იყავით ჩართულები თუნდაც ვაქცინების მოძიების საქმეში და ის წარმატებული კონტრაქტები, რომელიც ჩვენ პირდაპირ გავაფორმეთ მომწოდებლებთან, არის უდავოდ თქვენი დამსახურებაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მე მინდა ბატონ დავითს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატებები,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელშესახები პროგრესი იყო მიღწეული ნატოსთან მიმართებაში.

"ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი მკაფიო საგარეო პოლიტიკის კურსი და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე სამუდამოდ პროცესი გახდა შეუქცევადი. "ნატოსთან" მიმართებაში, ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ გვქონდა მართლაც ხელშესახები პროგრესი, თუნდაც "JTEC" გახსნა, თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ცალსახად, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს  ნატოს წევრობას დღეს, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის თაობაზე საჭირო არის ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება და კონსენსუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით სტრატეგიული მოთმინების და მზადყოფნის რეჟიმში აღნიშნულ მიმართულებას და გვჯერა, რომ ერთ დღეს მართლაც გახდება ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი," -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 
 
 
 
 

 

დღის ამბები