საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI- წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თითქმის 47% ხმას "ქართულ ოცნებას", 27% კი "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. "გორბის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებს.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს "ქართული ოცნების" ოცნებას უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ხვედელიანი,
"გორბის" კვლევებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ხოლმე, რა არის "ქართული ოცნების" ოცნება. "გორბს" აქვს ეს ფუნქცია, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი გაამხნევოს და დაარწმუნოს, რომ პარტიას აქვს მაღალი მხარდაჭერა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ გვგონია, რომ არჩევნების შედეგები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ პარტიას აქვს მაღალი რეიტინგი და ჩვენ ამას ვზომავთ შიდა კვლევებით ძალიან ინტენსიურად. ჩვენ კანდიდატსაც აქვს მაღალი მხარდაჭერა," - განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოებრივი აზრის შექმნით მიზნით მანიპულაციად აფასებს "გორბის" კვლევას და აცხადებს, რომ რეალობა სხვაგვარია:
"ჩვენ ველოდებით მოგებას, როგორც ვთქვით ეს რეფერენდუმია. რაც შეეხება იმედის კვლევას აბსოლუტურად შეუძლებელია კვლევა დაუძახო. არაერთხელ გვინახავს, წინა არჩევნებზეც გლდანში მაგალითად იგივე სურათს ხატავდნენ და სხვა იყო რეალობა. ეს არის მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კვლევის შედეგები განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვისაც "ქართული ოცნება" მოსყიდვას ან დაშინებას უპირებს.
"მთავარია, რომ წააგონ იმ ადგილებში, სადაც შეჯერდება ოპოზიცია დიდ ქალაქებში და საკვანძო რაიონებში და იყოს მყარი გამოვლინება ამომრჩევლის ნების და უდიდესი ალბათობით მოუწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხელისუფლების მშვიდობიან დათმობაზე შეგუება. მაგრამ იქამდე ისინი მუდმივად ამ პროპაგანდაში იქნებიან, არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველა მეთოდით უგზავნიან გზავნილს, საკუთარ ვერტიკალს, იმ ხალხს, ვინც უნდა მოისყიდონ და დააშინონ, რომ ჩვენთან უნდა იყოთ მობმული იძულებით თუ მოსყიდვით," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი შთაბეჭდილებით, კვლევა "ქართული ოცნების" ოფისში ჩატარდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, არცერთი სხვა კვლევა არ ადასტურებს რომ ქართული ოცნება 40%-ზე მეტს იღებს და კალაძე 60%-ზე მეტს, ამიტომ კვლევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია.