პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი აცრაა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან რეგულაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. განცხადება მან თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენისას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმების შესახებაც გააკეთა განცხადება.
"აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეიძლება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა. დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ – 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ.
აცრა არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში. ჩვენ ხომ გამოვცადეთ მკაცრი ჩაკეტვები, ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები, გაღარიბდა ჩვენი ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა და ახლა ჩვენ ენერგიას ვიკრებთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკონომიკა.
დროებითი შეზღუდვები და რეგულაციები შეიძლება ჩვენ დავაწესოთ და ამისთვის უკვე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი, გასაგებია ფართომასშტაბიანი აქციები და ხალხმრავალი შეკრებები არ შეიძლება და ამის გაკეთება დაუშვებელია, მით უმეტეს პირბადეების გარეშე და მეორე მთავარი - ქორწილები და ქელეხები.
მე მესმის, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება. მე უმორჩილესად ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართავ თხოვნით, რომ 1-2-3 თვე მოვითმინოთ, მანამ სანამ სიტუაცია დასტაბილურდება. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დაახლოებით მინიმუმ მილიონ ნახევარი ადამიანის აცრა 2-3 თვეში. სანამ ამ მაჩვენებელს არ მივაღწევთ, მე გთხოვთ ყველას უმორჩილესად, რომ ქორწილები უბრალოდ გადავდოთ შემოდგომისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.