"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახეთის რეგიონში, მერობის კანდიდატებს წარადგენს. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარედგინა. მოახლოებულ არჩევნებში "ოცნების" სახელით ჯონდო მდივნიშვილი იყრის კენჭს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენისას ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი ოპონენტი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა.
"ჩვენო ამომრჩეველო, ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებო, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. ამით მხოლოდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი არ გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ. ხალხი დაწყნარდა, ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა და პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში დამყარდა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა.
სტაბილურობას თან სდევს განვითარება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში ჩვენ გვქონდა სერიოზული პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური მდგომარეობა - უმუშევრობა, სამუშაო ადგილები, რომელიც არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. რეალურად, ჩვენს გუნდს, რომ გადავხედოთ რა ხდება პოლიტიკურ სარბიელზე, არცერთი ალტერნატიული ძალა არ არსებობს, გარდა "ქართული ოცნებისა". შეხედეთ რა ხდება - ოპოზიციური პარტიები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს. მაგრამ მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვილაპარაკო ოპონენტებზე - ჩვენი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ჩვენი გაჭირვება, ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა,"-განაცხადა პრემიერმა.