თვითმმართველობის არჩევნებამდე 51 დღით ადრე "ქართული ოცნება" შიდა პარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამ შედეგებითაც პირველ ორ პოზიციას მმართველი გუნდი და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ. დაახლოებით 46 და 23 პროცენტით.
გაცილებით დიდია სხვაობა უშუალოდ მერობის კანდიდატებს შორის. გამოკითხვის მიხედვით, კახა კალაძეს მხარს უჭერს ამომრჩევლის 66,2%, ნიკა მელიას კი 33,8%.
კვლევის შედეგებს ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა. მათი თქმით, ეს შიდა პარტიული პროგნოზია, მსგავს გამოკითხვებს კი თავადაც ატარებენ და შედეგი განსხვავებულია.
მხარდაჭერის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ "ქართულ ოცნებაში".
პარტიები, რომლებიც გამოკითხვის მიხედვით ოთხეულში არიან, მონაცემებს ლოგიკურს უწოდებენ. პარტიების ნაწილი კი, რომლებიც სახელისუფლებო გუნდის გამოკითხვით 1%-იან ზღვარზე არიან, კვლევას იუმორით უყურებენ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის არაერთი კვლევის შედეგი დაიდო, თუმცა ვერცერთ მათგანზე პოლიტიკური ძალების პოზიციების თანხვედრა ვერ მოხერხდა, რეალური სურათი არჩევნებთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა 2 ოქტომბერს ამომრჩეველი გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან მიიღებს.