ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მცირე დაპირისპირება იყო. სხდომა სადაც საოლქო კომისიის წევრებს ირჩევენ, კომისიის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობიდან", სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ კონკურსანტების უმეტესობა არის "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული, რის გამოც უარს აცხადებენ ხმის მიცემაზე.
"კონკურსანტების უმრავლესობა "ქართულ ოცნებასთანაა" აფილირებული, "ქართული ოცნების" შტაბში დაკომპლექტებული სიის შესაბამისად ხდება მათი არჩევა და, აქედან გამომდინარე, ვერ მივცემთ ამ კონკურსს ხმას. მიმაჩნია, რომ კონკურსანტები, ვინც მონაწილეობენ, არ აკმაყოფილებენ დამოუკიდებლობისა და ნეიტრალობის მოთხოვნებს,"-აცხადებს N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მირანდა გოგოხია.
ბრალდებას, თავის მხრივ, უპასუხეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზაზა ხვიტია აცხადებს, კომისიის წევრების არჩევა არის გამჭვირვალე და მიმდინარეობს წესები სრული დაცვით.
"არ ვიცი საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". ყველა პროცედურა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს, არის გამჭვირვალე პროცესი, არიან გამოცდილი კომისიის წევრები, არჩევის პროცედურა ჩატარდა ყველა ნორმისა და კანონის დაცვით. კომისია აღნიშნულ ვადებში შეუდგება თავის საქმიანობას,"-აცხადებს ზაზა ხვიტია.