16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი დასრულებულია

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი დასრულებულია. უბნებში, სადაც კანდიდატების შერჩევა ვერ მოხერხდა, ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსში უკვე მონაწილე პირებიდან მოხდება შერჩევა ან ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

ცესკოში ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის გამო 155 საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღო.

ცესკომ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა არაობიექტურად მიმდინარეობს.

"იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა, საოლქო საარჩევნო კომისია 3 დღის ვადაში აირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე კანდიდატებისგან ან გამოაცხადებს ხელახალ კონკურსს.

იმაზე საუბარი, რომ კონკურსანტები, რომლებიც აღნიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა აირჩიეს არიან მიკერძოებულები, ამ ეტაპზე არასწორია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზანს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენა.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ნუ გაავრცელებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ცრუ ინფორმაციას," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები