ოპოზიციურმა პარტიებმა "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" 4, ხოლო "დროამ" და "ევროპულმა საქართველომ" თბილისში 3-3 კანდიდატები წარადგინეს.
საერთო კანდიდატებს მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობაც". პარტიების მიერ დასახელებული საერთო კანდიდატები თბილისში იყრიან კენჭს.
პარტიის "დროა" წევრი და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან ბათუ ქუთელია ამბობს, რომ დროა დასრულდე მანკიერი მმართველობის პრინციპი საქართველოში, როდესაც "არაფორმალურად უზურპირებული ძალაუფლებით ხდება გადაწყვეტილების მიღება", რომელიც ცხოვრების ყველა კომპონენტზე აისახება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში თბილისში, სხვადასხვა ფორმატში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები გაერთიანდნენ. მისივე თქით, არის რიგი საკითხებისა, რომლებზეც ერთმანეთში ვერასდროს შეთანხმდებიან და ამომრჩევლებიც განსხვავებული ჰყავთ, თუმცა ახლა ეს განსხვავებულბა ახლა გვერდზე უნდა გადადონ.
რაც შეეხება პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარის ზურა ჯაფარიძის პოზიციას:
"ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი „ქართული ოცნებისთვის“. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%-ს ჩვენ გავდივართ ხელახალ არჩევნებზე და ეს ვალდებულება მათ აიღეს ევროპელების და ამერიკელების წინაშე. რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა, რომ ეს ხელშეკრულება არის ანულირებული, ვერსად ვერ გაექცევიან ამას," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ "ლელო" იყო ერთ-ერთი ცენტრალური ოპოზიციური მოთამაშე იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულიყო იმ საკითხებში, რაშიც შესანაჩუნებელია.
"იქ, სადაც კონკურენტები ვართ, ვიქნებით ცივილიზებული კონკურენციის მომხრე და ამასობაში, ვინაიდან კანონმდებლობით ყველა პარტია საკუთარ პარტიულ სიას წარადგენს და ვინაიდან ამ არჩევნების დიდი პოლიტიკური დატვირთვა და ოპოზიციური ხმების მაქსიმალიზაციაა საჭირო, ყველა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი სხვა საკითხებში, რომელიც საკუთარი ოპოზიციური ამომრჩევლის პარტიული სიისკენ ხმის მიცემას მეტად განაპირობებს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებელს" კი ყველა დიდ ქალაქში თავისი კანდიდატი ეყოლება.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარისთვის იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილება, რომლებიც საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდნენ.
"ეს ფართო ოპოზიციურ ერთიანობასაც არ მოიცავს, ოპოზიციის ისეთი ნაწილი, რომელიც "ნაცმოძრაობას" უკავშირდება ისტორიულად, რაღაცნაირად ერთად გეგმავს საერთო კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ. მე უბრალოდ იმდენად არასწორად მიმაჩნია ეს ე.წ. ტაქტიკა, რომ ვთვლი, რომ რაღაცა სხვა ხდება, შეიძლება ნიკა მელიას ებრძვიან და მისი წაგება უნდათ, თორემ ასეთი კამპანია როგორ უნდა ჩაატარო მე ფიზიკურად არ მესმის," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის ემზადება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს აშკარად ჩანს თუნდაც იმით, რომ ოპოზიცია საერთოდ არ საუბრობს იმ საჭიროებებზე, რომლებიც მოსახლეობას გააჩნია.
"ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ დაიწყონ არეულობა. მე მგონი სწორედ ესეც: კანდიდატების დასახელება, პროგრამების არ წარმოდგენა - თავადვე საუბრობენ, რომ მათი შანსები არის დაბალი, რა თქმა უნდა გამარჯვებაზე აქ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ გარკვეული მაღალი წარმატების მიღწევის შანსებიც კი ამ კუთხით არის დაბალი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შანსებთან მიმართებაში კრიტიკულად არის განწყობილი. ის მიიჩნევს, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ გააჩნია, რასაც კანდიდატების პერსონალური რეიტინგები და პარტიული მხარდაჭერის მაჩვენებლები განაპირობებს.