"ქართული ოცნება" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას აგრძელებს. მმართველი გუნდი მერობის კანდიდატებს ამჯერად აჭარაში წარადგენს, ხელვაჩაურის შემდეგ პრემიერმა მერობის კანდიდატი ქობულეთში წარადგინა.
კანდიდატის წარდგენისას საქართველო პრემიერ მინისტრმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ეპიდვითარების გაუმჯობესება, ეს კი ვაქცინაციის გარეშე ვერ მოხდება:
"ასეთი ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, არის მართლაც გამორჩეული, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, ამ გახსნებით ჩვენმა მოსახლეობამ დაიბრუნა სამუშაო ადგილები, ვიცი რომ ტურისტებით სავსეა ყველა სასტუმრო და ძალიან ბევრი ტურისტია აჭარაში, იქმნება დოვლათი და კეთილდღეობა. ეს რომ შევინარჩუნოთ ჩვენ უნდა ვმართოთ პანდემია. ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის ვაქცინაცია, რომელიც დაგვამარცხებინებს პანდემიას და შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანდიდატის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარეც. კახა კუჭავას თქმით, ქობულეთს აქვს დიდი პოტენციალი და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის.
მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და თავად ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემაც. ლევან ზოიძის თქმით, მას ყოველთვის უშუალო კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან და ის მომავალ საქმიანობასაც ასეთი ჩართულობით გააგრძელებს.