16 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი, ეს ამბიციური გეგმაა - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემია დასრულდება, თუკი მაქსიმალურად გაფართოვდება მოსახლეობის ჩართვა ვაქცინაციის პროცესი. მისი თქმით, ქვეყანაში ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომია, რომელიც საუკეთესოდ არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში.

განცხადება პრემიერმა "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში.

"მე ვიცი, რომ გასული წელი საკმაოდ რთული იყო ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, ვინაიდან, ვიცით რა, რომ ეს ქალაქი არის, არა მხოლოდ კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული ცენტრი, ბუნებრივია, ამ ქალაქსაც გაუჭირდა გასულ წელს, ვინაიდან, პანდემია იყო. მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენ მოსახლეობას ბათუმში. ჩვენ წელს პრაქტიკულად შევძელით გარდატეხა, ერთის მხრივ, ვახერხებთ ყველა მოქალაქეზე ზრუნვას და სიტუაციის მართვას, მეორეს მხრივ, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ვაქცინაციაა. ამ მიმართულებით გვაქვს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი სიტუაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, მეორეს მხრივ - პანდემიის დასრულება. პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. ამიტომ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავითვალისწინოთ.

მომდევნო წლების განმავლობაში, აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკეს, ჩვენი მერობის კანდიდატს, რომელიც მანამდე იყო მერის მოადგილე და შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითარონ, კიდევ უფრო როგორ გააძლიერონ და გაალამაზონ ჩვენი ულამაზესი კუთხე და ულამაზესი ქალაქი ბათუმი.

დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის.

ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები