საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხს განვითარებასა და სიმშვიდეს ჰპირდება, "ნაციონალური მოძრაობა" კი - დესტაბილიზაციასა და ქაოსს.
ეს განცხადება პრემიერმა ჩოხატაურისა და ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელების დროს გააკეთა.
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ცხოვრება, მუშაობა, ყველაფერი გავხადოთ პროგნოზირებადი და განჭვრეტადი - ადამიანს უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა. სწორედ სტაბილურობის და მშვიდობის განცდა მოვიპოვეთ ჩვენ ყველამ ერთად. ჩვენი გუნდი საუბრობს რეალურ გეგმებზე, რეალურ გაკეთებულ საქმეებზე და ვლაპარაკობთ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ.
რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები - "ნაციონალური მოძრობა", რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო - ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის. მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, "ქართული ოცნება" ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას და მშვიდობას და სტაბილურობას.
ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა.