"ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურისა და ოზურგეთში მერობის კანდიდატები დაასახელა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძე დასახელდა, რომელიც წლების განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა.
ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც.
"კარგად გვესმის, რომ ქალაქსა და სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა, ის რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, არის ფუნდამენტი ნებისმიერი თავისუფალი და პროგრესული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის. ეს ფუნდამენტი, პირველ რიგში, გახლავთ - თავისუფლება, ღირსება, მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება, თავისუფალი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს ყველაფერი გურიისთვის ყოველთვის იყო პრინციპული და მომავალსიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საზოგადოებას თავად მერობის კანდიდატმა - ავთანდილ თალაკვაძემაც მიმართა:
"არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ოზურგეთში, არაერთი სახელმწიფი პროგრამა ამოქმედდა. ამასთანავე, გაიზრდა ოზურგეთის ბიუჯეტის შემოსავლები, რაც დადებითად აისახა ჩვენს რეგიონსა და ოზურგეთზე. გვესმის, რომ რჩება არაერთი პრობლემა თუ გამოწვევა არაერთ ოჯახში და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას საჭიროებს. ამიტომ, ამ ქალაქში ჩემი მთავარი კონკურენტი იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებს,"-განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
"ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატი კი დავით შარაშიძე იქნება, რომელიც ამ დრომდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო.