ავღანეთიდან საქართველოში 16 მოქალაქე წუხელ დაბრუნდა. მათი ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ავღანეთში იმყოფებოდა, ქვეყნიდან სრულად ევაკუირებულია. შესაბამისი უწყებებისთვის ოფიციალურად მეტ მოქალაქეს დასახმარებლად არ მიუმართავს.
როგორც სამშობლოში დაბრუნების შედეგ ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან ჯანიაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი 5 დღის განმავლობაში მათთან სატელეფონო კავშირზე იყო და გვერდში ედგა ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
“კიდევ ერთხელ მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ბატონი ალექსანდრე ღვთისიაშვილი, რომელიც მთელი ამ 5 დღის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენს გვერდით იყო სატელეფონო კავშირზე და ყველაფერი ეცადა ამ ადამიანმა, რაც ძალებს აღემატებოდა კი არა, მართლა აღემატებოდა, ისეთი კონტაქტები და ისეთი რაღაცები.. დღეს თვითონ აეროპორტში გვითხრეს, გვყავდა ჩვენი მეგობრები, ბოსნიელები, სერბები და ესეთი რაღაც გვკითხეს, ვინ ხართ ეს ქართველებიო, რა ხდება მეთქი და ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, იქიდან სამინისტრო.. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს”, - განაცხადა ლევან ჯანიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა.