16 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე.

აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამავდროულად, დგანან ისეთ გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსიურობით გამოირჩევა. მისი შეფასებით, ეს ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გახშირებული კონტაქტების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების შედეგია.

უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

დღის ამბები