უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იყო "ხარისხიანი ფარსი", სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ თავად პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს კითხვები არ აქვს, თუმცა ეს არ ეხება მთლიანად სისტემასა და მის სანდოობას - ასეთია ოპოზიციის შეფასება დასკვნაზე.
არსებული ფორმით მოსამართლეების დამტკიცებას ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.
"ფარსის დადგმაში "ქართული ოცნება" არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ფარსი იყო და შესაბამისი დასკვნებიც იყო. თვითონ პროცესის მიმართ არ იყო კითხვები, მაგრამ აქ კითხვები არის თვითონ სასამართლოს, სისტემის და ამ სისტემის სანდოობის მიმართ იმიტომ, რომ სისტემა რჩება პოლიტიკურად მართული, სისტემა რჩება ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს მმართველი ძალა, როდესაც მას სჭირდება, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს ან პოლიტიკური დავალებები შეასრულოს," - აცხადებს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი.
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" ქვეყნის ევროპელ პარტნიორებთან და ოპოზიციასთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია.
"მოსამართლეების არჩევა, ის რაც ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომელზეც ხელი აქვს "ოცნებას" მოწერილი, ამიტომ ამის იქეთ უკვე ნებისმიერი კომენტარი აზრს კარგავს რამე თუ "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ოპოზიციასთან გაფორმებული ხელშეკრულება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.