ომბუდსმენის განცხადებას, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ეთანხმება "სტრატეგია აღმაშენებელი". პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში აღნიშნული საკითხი ხელისუფლების ხელშია და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ამაზე ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს.
"ნამდვილად ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი. ფაქტია, რომ იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ და თუ ჩვენ კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით, ამ პირობებში ვერანაირად წინ ვერ წავალთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ქუთაისის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე არჩევნების გადადების საკითხი უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, რომ ეს თემა დაიხუროს.
"ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საკითხს და ვარიანტს განვიხილავთ. ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, რომ ეს თემა საერთოდ დაიხუროს. მთელი პასუხისმგებლობა, მათ შორის უმძიმეს მდგომარეობის, ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე, მათ შორის იმაზე საუბარზე და მსჯელობაზე თუ როგორი უნდა იყოს მომავალში გაუმჯობესებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, ეკისრება რა თქმა უნდა ხელისუფლებას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდვითარების ფონზე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება. ნინო ლომჯარიას ასევე მიაჩნია, რომ საჭიროა რეგულაციების გამკაცრებაც. მისივე თქმით, პოლიტიკოსების დღის წესრიგში ეს საკითხი ჯერ კიდევ არ დგას.