ჩუღურეთის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი უსარგებლო სახელმწიფო პროექტებსა და ბიუჯეტის ფლანგვის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელსაც ხალხისთვის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი არ გააჩნია.
როგორც ნონიაშვილი აღნიშნავს, "გაფლანგული ფული, ხშირად, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს". სახელმწიფო სახსრების ფლანგვის მაგალითებზე ნონიაშვილმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა - მისი თქმით, მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე ფოთის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, ზუგდიდის ყინულის მოედნის ორჯერ მშენებლობასა და დემონტაჟზე დაიხარჯა 8 მილიონი ლარი, ხარაგაულში ამფითეატრის რეაბილიტაციაზე 449 000 ლარი დაიხარჯა, მალევე შენობა ამორტიზებული გახდა.