ბრიფინგს "ქართულ ოცნებაში", სადაც მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გადადების შესახებ ოპოზიციის საუბარი მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნების" განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის და არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს.
"არათუ გადასადები არ არის არჩევნები, ხალხო, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ პროფესიონალები და კვალიფიციური ადამიანები მოვიდნენ და ყველაფერთან ერთად ეპიდემიაც მართონ. რომელ გადადებაზეა საუბარი. არც გვაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ "ქართული ოცნება" რას საუბრობს, ალალად გეტყვით, ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ადამიანებს," – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია სიტუაციის დასტაბილურება უზრუნველყოს და მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადება-არგადადების საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა ეპიდემიოლოგებმა უნდა დადონ, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.
"თუ უფრო მეტი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს და დაინფიცირდეს და ამ სიტუაციას ვერ ვუმკლავდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია ჩატარდეს სტაბილურ გარემოში, მაშინ მე მომხრე ვარ არჩევნების ჩატარების, იმიტომ, რომ არჩევნების გადადება სხვა პოლიტიკურ რისკებთანაც არის დაკავშირებული," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა "ლამის სასაკლაოდაა ქცეული", ხელისუფლებამ ბრალმდებელი განცხადებების ნაცვლად საზოგადოება უნდა დაამშვიდოს და აღნიშნულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.