ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, დამკვირვებელთა ეს რაოდენობა, აბსოლუტურად საკმარისია ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების შესასრულებლად.
ხანგრძლივი ვადით მოქმედი დამკვირვებლები კი, ქვეყნის მასშტაბით 15 სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის გამო დამკვირვებლები ჯანდაცვის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.
"არჩევნებს დავაკვირდებით ოდირის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიით, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაიხვეწა. ვაკვირდებით როგორც მოსამზადებელ, ისე საარჩევნო და მომდევნო პერიოდებს. ხმის მიმცემებს და კანდიდატების რეგისტრაციებს, კამპანიის აქტივობებს, კამპანიების დაფინანსებებს, მედია გარემოს და პროცესის გაშუქებას.
ჩავატარებთ სხვადასხვა სახის შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და ყველა მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებებთან და მედიის წარმომადგენლებთან. ჩვენი მისია მოიცავს მედიის მონიტორინგის კომპონენტს, რომელიც გულისხმობს მედია გაშუქების ხარისხობრივ და როდენობრივ ასპექტებს. გვაქვს მკაფიო კრიტერიუმები. ჩვენ გვაინტერესებს არა შედეგები, არამედ, საარჩევნო პროცესზე დაკვირვება,"- აცხადებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონი.