პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას აქვს დავალება, რომ არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალში მკურნალობა, არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.
რაც შეეხება ვაქცინას, ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზის შემოტანა იგეგმება. მისივე თქმით, სავსებით შესაძლებელია კიდევ 1 მილიონი ადამიანის აცრა სექტემბრის ბოლომდე.
"არც ერთი მოქალაქე, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და მკურნალობას ჰოსპიტალში არ დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე - ეს დავალება აქვს ჩემს მთავრობას. რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. შემოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ახლა დამატებით კიდევ მინდა რომ შევუკვეთო 2 მილიონი დოზა და აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია და ასეც არის.
კიდევ 1 მილიონი ადამიანის აცრა სავსებით არის შესაძლებელი სექტემბრის ბოლომდე. ეს არის უკვე 2 მილიონი ადამიანის აცრა და დაახლოებით მილიონს ალბათ გადატანილი აქვს უკვე კოვიდი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების და ჩვენი ექიმების, მეცნიერების პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერი არის მეტნაკლებად მძიმე თვე. ოქტომბრის თვეში მოსალოდნელი არის სიტუაციის რადიკალური დასტაბილურება და დამშვიდება ისე, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ეკონომიკა კი არ ჩავკეტოთ, არამედ პირიქით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ლოკალური გარკვეული შეზღუდვები შეიძლება დავგეგმოთ, მაგრამ ისეთივე, როგორიც ახლა შემოვიღეთ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, დავასტაბილუროთ და თან ვმართოთ ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისე, რომ ეკონომიკა არ ჩავკეტოთ ხელახლა იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ამას," - განაცხადა პრემიერმა.