ექსკლუზიური ვიდეომასალა, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა - საქართველო ავღანეთიდან საერთაშორისო პარტნიორების ევაკუაციაში ჩაერთო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს უკვე რამდენიმე დღეა ქაბულიდან ევაკუირებულები ჩამოჰყავს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ქვეყანამ ტრანზიტულად უკვე 2000 ადამიანი გაატარა.
მაშინ, როდესაც ქვეყნების დიდი ნაწილი წყვეტს ქაბულიდან ევაკუაციის პროცესს, ოფიციალური თბილისი ნატოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს აყალიბებს.
დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ მისიაში ჩართვით და დახმარებით, საქართველომ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერისთვის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ქაბულიდან თბილისმა დღეს მიიღო.
საქართველო ასრულებს სატრანზიტო როლს, რომელიც მას ისტორიულად აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე გეოგრაფიული დატვირთვით. თბილისი მკაფიოდ და ხაზგასმით ამბობს, რომ ის არ არის ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარი. თბილისში მოწყობილ ჰაბს, მხოლოდ და მხოლოდ სატრანზიტო დატვირთვა აქვს. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რამდენიმე თანამშრომლის განთავსება ხდება. ისიც დროებით, მხოლოდ რამდენიმე დღით.
ახლა, როდესაც ქვეყანა პარტნიორებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის ისტორიული დანიშნულების და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფების განუყოფელი და ბუნებრივი ნაწილია.
ავღანეთის მისიაში მონაწილეობით, სადაც ქვეყანამ 32 სამხედრო დაკარგა, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს უნარიც და შესაძლებლობაც იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობაც და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი სიტყვაც თქვას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ არაერთი მაგალითი არსებობს, რაც ამტკიცებს, რომ ქვეყანა პასუხისმგებლიანი პარტნიორია დასავლეთისთვის, ჰუმანიტარულ პროცესში ჩართულობა კი, მათი განმარტებით, ხაზს უსვამს, რომ გლობალური უსაფრთხოება საქართველოს გარეშე ძნელად წარმოსადგენია.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა ყოველი შემთხვევისთვის სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტიც მოაწყვეს. თუ საჭირო გახდება, სამედიცინო დახმარების პუნქტს ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას გამოიყენებენ.
ტრანზიტული რეისები რამდენიმე დღე გაგრძელდება. მთავრობაში ამბობენ, რომ ავღანეთიდან ადამიანების შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია კოვიდუსაფრთხოების წესები.