16 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ცესკოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წევრს ოფისში უნებართვოდ შეჭრაში ადანაშაულებს

ცესკოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წევრს ოფისში უნებართვოდ შეჭრაში ადანაშაულებს. მიხეილ ანდღულაძე ამტკიცებს, რომ აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია იყო. 

"ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო „ჰორიზონტში, შემოიჭრნენ გარკვეული პირები, მოტყუებით, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ არ ვიმყოფებოდით აქ. დაიწყეს ჩვენი საოფისე ფართების კარებების გახსნა, გასაღებების გამოღება, უცერემონიო საუბრები. უფრო მეტად ალბათ ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობდნენ, რომ ცესკოს მიერ დადგენილებით შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და არ იმყოფება თავის საოფისე ფართში. აკაკი ხუსკივაძეა ერთ-ერთი პიროვნება და მეორეც აკაკია, მაგრამ გვარი არ ვიცი ზუსტად," – აცხადებს ცესკოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე.

თავის მხრივ ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი განმარტავს, რომ ოფისში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე დასწრების სურვილით მივიდა, რათა განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გასცნობოდა.

"დანამდვილებით ვიცი, რომ იქ იმ დღეს უნდა ყოფილიყო საკონსულტაციო საბჭოს შეკრება. ჩვენ გვინდოდა ზუსტად ამ შეკრებაზე დასწრება და ჩვენ გვაქვს ამისი უფლება, რადგანაც ვართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა საარჩევნო კომისიის დამკვირვებლები. არა ერთი საჩივარი დაიწერა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის 8 პროფესიული ნიშნით, დამოუკიდებელ წევრს ირჩევდნენ. ჩვენ არაფერი არ გაგვიგია ამასთან დაკავშირებით თუ საკონსულტაციო საბჭომ რა შეფასება გააკეთა ან რა დასკვნა დადო. საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის ფეისბუკ-გვერდებზე დევს ჩანაწერი, თუ როგორ მივედით," - აცხადებს საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აკაკი კობალაძე.

დღის ამბები