მმართველი გუნდის ბრალდებებს უკვე მოყვა გამოხმაურება ოპოზიციურ სპექტრში. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ოპოზიცია საარჩევნო აქტივობებს დაიწყებს, თუმცა საკუთარი ბიუჯეტით "ქართულ ოცნებას" ვერ გაუწევს.
"დავიწყებთ ჩვენ აქტივობებს, ხოლო ბილბორდებისა და რეკლამების სიმრავლით, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ბიუჯეტს არც და ვერ გავუწევთ კონკურენციას. ამიტომ იყვნენ სიმარტოვეში და თუ ეს დისკომფორტს უქმნით, ბევრ რამეს გადავხედავდი მათ ადგილას," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაზე იფიქროს, უმჯობესია რეალურ პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირდეს.
"ქართულ ოცნებას" არ მოეწონა ჩვენი საარჩევნო კამპანია და ამას ბრიფინგი მიუძღვნა. გასაგებია, ეს არის პასუხი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საერთოდ რა დროს ოპოზიციისთვის მიძღვნილი ბრიფინგია, მაშინ როდესაც 79 ადამიანი დაიღუპა და 5 000 ახალი ინფიცირებული გვყავს ყოველ დღე. "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაც არის რეალური პრობლემა," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, ნიკა ობოლაძემ.
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით არასერიოზულია, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ბილბორდებს უყურებს.
"ისინი ნაცვლად სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის შეხედვისა, უყურებენ ოპოზიციას, ოპოზიციის ბილბორდებს და კამპანიას, ეს არის აბსურდული და არასერიოზული რამ," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას მართავენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის სათანადოდ არ ემზადება. მმართველ პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდა. მისი თქმით ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია მარცხის შემთხვევაში არეულობისთვის ემზადება.