არჩევნებამდე 1 თვით ადრე "ქართული ოცნება" იმერეთში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს ჭიათურაში, ზესტაფონსა და საჩხერეში წარადგინეს.
"ქართული ოცნების" სახელით საჩხერეში კენჭს ლევან ივანაშვილი იყრის. ისე როგორც სხვა ქალაქებში, აქაც საზოგადოებას კანდიდატი პრემიერ მინისტრმა წარუდგინა.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე, მის ქველმოქმედებასა და დამსახურებაზე ქართველი ხალხის წინაშე.
"ვინაიდან დღეს საჩხერეში ვარ, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ უკიდეგანო ქველმოქმედებაზე, რომელიც ამ დიდმა კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც შეუფასებელია ეს 20 წლის განმავლობაში დაწყებული ქველმოქმედება, რეალური საქმით, ფაქტებით, კონკრეტული ისტორიებით. პოლიტიკამდე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოარჩევდა მისი ქველმოქმედება, 3 მილიარდი დოლარი აქვს ამ ადამიანს დახარჯული თავისი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს განუხორციელებია, არის პირველი ოქტომბერი, სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან, ეს იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება.
დღეს ბევრს ავიწყდება და ილუზია უჩნდება, რომ ეს თავისით მოხდა, მარტივად მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს მოხდა თავდადებით და თავგანწირვით, ამის გარეშე არცერთი დიდი ისტორიული, ძირეული ცვლილება არ ხორციელდება. ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური და მთელი ქვეყნის ცხოვრება, Game changer-იო რომ იტყვიან, სწორედ ასეთი ადამიანი არის.
ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, განვითარება და პროგრესია ყველა მიმართულებით და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვები, რომ კიდე უფრო დავაჩქაროთ და გავზარდოთ ის მასშტაბები, რომელიც აუცილებელია,"-აღნიშნა პრემიერმა.