16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საერთოდ რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული - პრემიერი 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სესხზე უარის განაცხადთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას. როგორც პრემიერი ამბობს, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და მან აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ   პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რა ვალზეა საუბარი. 

"საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე მგონი კითხვები აღარ არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენ განმარტება გავაკეთეთ ამის თაობაზე და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, საერთოდ რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს.

დიახ, ვალია და სესხია, და ზოგადად, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც და ჩემმა კოლეგებმა არაერთგზის განმარტეს, რომ პირველი ის, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა აღებაც არ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას რაიმე პრობლემას. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე, სესხი იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებით, როდესაც ჩვენ ვკონცენტრირდებით და ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, მე მგონი ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების. ჩვენ გაცილებთ უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული, ცალკე აღებული სესხის ნაწილია.

75 მილიონი ევრო არ წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები