16 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ - კახა კალაძე ნარკოტესტზე არმისულ კონკურენტ კანდიდატებზე

კახა კალაძის გარდა, მათ, ვისაც თბილისის მერობა სურთ, ამ დრომდე ნარკოტესტი არ ჩაუბარებიათ. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, თუმცა ისინი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ და არა კახა კალაძის.

"ჩვენი გუნდი მზად ვართ ჩავაბაროთ ნებისმიერი ტესტი, ადამიანების და ქალაქის წინაშე, ხოლო რაც შეეხება კალაძის და გახარიას ამ ურთიერთგადალაპარაკების პოლიტიკას, სჯობია დაასრულონ, რადგან გახარიამ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი - პანდემიის პირობებში ვერ მართა ვერცერთი პროცესი, ხოლო კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი  თბილისის წინაშე,"- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილი.

თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან "მესამე ძალა" თამარ კეკენაძე კი აცხადებს, რომ ის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს და მის პოპულარიზაციასაც ეწევა.

"ვფიქრობ ეს პოპულისტური განაცხადია ბატონი კახის მხრიდან, ვაპირებ ტესტი ჩავაბარო, მაგრამ  მას შემდეგ, თუ მოქალაქეები ამირჩევენ. ეს არის ვალდებულება, რასაც კანონი ყველა საჯარო მოხელეს ავალდებულებს,"- განმარტავს თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან "მესამე ძალა" თამარ კეკენაძე.

კახა კალაძე კი ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ბიძგი უნდა მისცენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

"ქართული ოცნების" წევრებმა ტესტი ჩააბარეს ვიდრე პარლამენტში შევიდოდნენ, გასაკვირია, რატომ არ არის მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ, ეს მათი გადასაწყვეტია,"- აცხადებს თბილისის მერი, თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე.

დღის ამბები