მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატები ამჯერად ამჯერად მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის ამომრჩეველს წარუდგინა. ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
"მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზების მოწყობა, სპორტული კომპლექსის მშენებლობა, საცურაო აუზი და ა.შ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი, უფრო მეტი ამბიციური გეგმები განხორციელდება.
ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლება, "ქართული ოცნება" არის ის, დღეს ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმით, თავისი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით შეძლო სიტუაციის დეესკალაცია, ვითარების დასტაბილურება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მართვა და მშვიდობიანი განვითარება. ამ ყველაფერს სჭირდება მეტი მუშაობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ და ყველა ის პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ხალხზე მორგებული,"-განაცხადა პრემიერმა.