ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
"მელიამ დაწერა განცხადება, შეუძლია "ქართულ ოცნებას" მას იმუნიტეტი მოუხსნას, უნდათ დააჩქარონ, უნდათ გაწელონ, ამას ნიკა მელიასთვის მნიშვნელობა არ აქვს,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ობოლაძე.
ოპოზიციის ნაწილი საკითხს მხარს უჭერს.
"მე მიმაჩნია და მაშინაც მიმაჩნდა, როდესაც არამხოლოდ ნიკა მელიამ, არამედ მთელმა ოპოზიციურმა შემადგენლობამ მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომ ეს იყო კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა. შესაბამისად, თუკი დღესაც ეს ნიკა მელიას სურვილია, მაშინ თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ უფლებამოსილების შეჩერების განხილვა რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს.
"რეგლამენტის შესაბამისად, მას მოსაფიქრებლად 7 დღე ჰქონდა, თუმცა გავიდა ეს ვადა და 15 დღის განმავლობაში, კომიტეტი ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, საქართველოს პარლამენტი მიიღებს. ამ საკითხზე ჩვენ მეტნაკლებად ჩამოყალიბებული ვართ,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა მანდატის გაუქმების მოთხოვნით. ამის მიზეზად ნიკა მელიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლა დაასახელა.