მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომლის დროსაც "ქართულმა ოცნებამ" 3 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა, ბრალდების მთავარი ადრესატები ეხმაურებიან.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით "ქართული ოცნება" სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს, რათა მათ მიმართ საზოგადოებაში ნდობა ნაკლები იყოს.
"ეს არის რაციონალურად გათვლილი ხედვა და პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად მეტი შენიშვნა წარმოადგინონ ანგარიშებზე, მათ შორის ისეთ რაღაცებზე, რაც გასაკრიტიკებელი არ არის, რომ მერე სანდოობის ხარისხი დააგდონ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ. მაისში რატომ ამონიტორინგებდითო - იმიტომ, რომ გამოგვეკვეთა კანონდარღვევები, რომელსაც შეიძლება კავშირი არჩევნებთან ჰქონდეს და გამოვკვეთეთ," -აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.
მმართველ გუნდში კი, ნაწილ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ფაქტობრივ ფალსიფიკაციასა და ოპოზიციასთან კავშირზე მიუთითებენ.
"ნაწილი შეზრდილია პოლიტიკურ ოპოზიციასთან და მათ საერთო მიზნები აქვთ, ნაწილს კი, ერთგვარი კომპლექსი აქვს გამომუშავებული, რომ აუცილებლად კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. გასაგებია ვინც ცდილობს მაქსიმალურად კრიტიკული თუმცა აუცილებელია ობიექტურობის ზღვარი დავიცვათ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.