მეგის ქარდავას ექსტრადირების თემას უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის ცალსახად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოლიტიკურ პროცესებს წინასაარჩევნოდ ხელს შეუშლის.
"მეგის ქარდავას ჩამოყვანა არის წინასაარჩევნო ტრიუკი. აპელირება იმაზე და ადამიანებზე მინიშნება იმისი, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლება, რომელიც ამ არჩევნების შედეგად არ უნდა დაბრუნდეს. ამ მესიჯის თქმა უნდოდა ხელისუფლებას.
ამის მოხერხება, თუ ეს ახლა იყო შესაძლებელი, ალბათ მანამდეც იყო შესაძლებელი, უბრალოდ, ახლა ამას სხვანაირი პოლიტიკური შინაარსი და დატვირთვა აქვს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
იმავე პოზიციას იზიარებენ "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდიაც.
"ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა და ამ შოუს დავასრულებთ აუცილებლად 2 ოქტომბერს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. მას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ.