16 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნები", საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" - "ქართული ოცნება" სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ

"სამართლიანი არჩევნები", საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" – სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს "ქართულმა ოცნებამ" მათი წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშების გამო გააკრიტიკა.

სპეციალურ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ანგარიშებში არაერთი ხარვეზია, უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომელიც არა საარჩევნო პერიოდში, არამედ კამპანიის დაწყებამდე მოხდა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსგავსი კრიტიკა საზოგადოებაში ცრუ აღქმების გავრცელებას ემსახურება.

ბრალდებები უპასუხოდ არ დაუტოვებიათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს. სამივე არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის კრიტიკა მხოლოდ მათ დისკრედიტაციას ემსახურება. მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით "ქართული ოცნება" როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე მათ მიმართ არსებული ნდობის შემცირებას ცდილობს.

"ქართული ოცნების" კრიტიკას მესამე სექტორისადმი  ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიისგან განსხვავებით სრულ ნდობას უცხადებენ იმ ანგარიშებს, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აქვეყნებს.

მმართველ გუნდში კი, მესამე სექტორის ანგარიშებში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული მათი კრიტიკა საფუძვლიანია.

გარდა ხარვეზებისა, მმართველმა პარტიამ საკუთარ ანალიზში რეკომენდაციებიც აღბეჭდა. "ქართული ოცნება" მესამე სექტორს მოუწოდებს ანგარიშებში მეტი კონკრეტიკა შეიტანონ.

დღის ამბები