საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ, სტეფანწმინდაში, დუშეთსა და თიანეთში იმყოფებოდა. მინისტრი მხარის რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, "ქართული ოცნების" მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. თეა წულუკიანმა ისაუბრა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია არაერთი კულტურული, სპორტული, თუ ახალგაზრდული პროექტის განხორციელება, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება რეგიონის განვითარებისთვის.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვიზიტისას მინისტრმა დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
მინისტრ თიანეთში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმშიც იმყოფებოდა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევით განახლდა და დღეს, თიანეთში კულტურის ერთ-ერთი კერაა. წულუკინმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა თიანეთის კულტურის სახლზე, რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა.
მცხეთა-მთიანეთში ვიზიტის ბოლოს, მინისტრმა დუშეთის ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა.
ცნობისთვის, სტეფანწმინდაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი არის ბაკურ ავსაჯანიშვილი, დუშეთში - მანანა ნარიმანიძე, ხოლო თიანეთში - ლევან წიკალური.