16 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ერთი მსახიობის თეატრი, რასაც ძალაუნებურად მოჰყვა გაცვლილი მოსაზრებები - მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე

ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენები ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიაში ადანაშაულებს.

"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე და "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან განვითარებული მოვლენები და ნიკა ელიას ქმედებები მისთვის მიუღებელი იყო.

"ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, ეს ნამდვილად არის ძალიან მძიმე და უმსგავსო ქმედება. მათ შორის, ნამდვილად არასწორია, რომ შენს აქტივისტებს მიიყვან და ძაბავ კიდევ სიტუაციას.

არ მგონია რომ სწორია ქმედება, რომელიც ოპოზიციის ლიდერის მხრიდან იყო გუშინ და მძიმეა გარემო ზოგადად საარჩევნო თვალსაზრისით. ერთი კვირა დარჩა და მშვიდად და წყნარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ მომხდარი ნიკა მელიას მხრიდან პროვოკაცია და დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ერთი მხარის მხრიდან ამაზრზენი საქციელი ვიხილეთ და კონკრეტული დანიშნულებით, რომ რაც შეიძლება ხელოვნურად შეიქმნას ქვეყანაში ის დაძაბულობის ხარისხი, რომელი რეალურად არ არსებობს. ვერანაირად ვერ შექმნეს ლეგალური და ნორმალური ხერხებით და ახლა დაიწყეს სრულიად არანორმალური პროვოკაციების გზების ძიება.

ეს იყო თავიდან ბოლომდე ერთი მსახიობის თეატრი, შემდგომ ძალაუნებურად იყო გაცვლილი მოსაზრებები ერთმანეთთან დაკავშირებით," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები