პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სტრასბურგსა და ბრიუსელში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელობის ვიზიტების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი.
"გვსურს დავადასტუროთ, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით საქართველო არის და იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო რეგიონული პარტნიორი, როგორც ევროკავშირისათვის, ისე, ზოგადად, დასავლეთისთვის. ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში შეუქცევადია და აუცილებლად განხორციელდება სტაბილურად და მშვიდობიანი განვითარების პირობებში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის. ბოლო ხანებში, საქართველოს მხრიდან გადადგმულმა სამშვიდობო ნაბიჯებმა, მათ შორის, რეგიონულ ჭრილში, ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაშიც ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა,"- განაცხადა სამხარაძემ.