16 ნოემბერი 2024,   20:08
ვრცლად
პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზეა, ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო პასუხი არ გაეცა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

წინასაარჩევნო გარემო და ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენები ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ მომხდარი ნიკა მელიას პროვოკაცია და დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა იყო. 

ინციდენტი შეაფასა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"მომხდარი დაპირისპირების არც ერთი ნაწილი არ იყო სწორი. ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო მელიასთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო. ამით ბევრად მეტს მოიგებდა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენებს თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც  გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ინციდენტის შემდგომ ისინი მზად იყვნენ ევროკავშირის ოფისიდან გამოსულიყვნენ, თუმცა საელჩოს გაუწიეს ანგარიში, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები