"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ფარული ჩანაწერების გამო ევროკავშირის ელჩებსა და დიპლომატებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ბოდიში მოვუხადე იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ელჩებს, დიპლომატებს უწევთ იმ პირობებში ცხოვრება, როდესაც საერთაშორისო დანაშაული ხდება. ეს ხომ საერთაშორისო დანაშაულია, როდესაც მათ უსმენენ, როდესაც მათ უთვალთვალებენ. შესაბამისად, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვუხადე ბოდიში და ვუთხარი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს უკანონობა შევცვალოთ, იმიტომ, რომ ის, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს ბრიუსელში, ეს მარტო დაბარებით არ შემოიფარგლება.
ჯერ ერთი, პირველად მოხდა ასეთი პრეცენდენტი. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას თავისი შედეგები ექნება, ეს არის საერთაშორისო კონვენციების დარღვევა, საერთაშორისო დანაშაულია, რაც მოხდა, ზღვარი აღარ აქვს დღევანდელ რეჟიმს, რომ ვის უსმენს და ვის აღარ უსმენს. როდემდე უნდა იყოს ეს КГБ-ეშნიკური სისტემა ქვეყანაში? 30 წელია ამ სისტემის მსხვერპლია საქართველო, საქართველოს მოქალაქეები, კონკრეტული ადამიანები, ადამიანების ფსიქიკა, კონკრეტული ოჯახები ამ სისტემის მსხვერპლია და ეს სისტემა უნდა დავშალოთ, დავანგრიოთ და ნორმალური, ცივილური, დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და ამის არჩევნებია 2 ოქტომბერს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.