2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუცია და სადაო მე-5 პუნქტი, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ბრალდებების თემაა. ეს საკითხი აქტუალური გუშინ "ღამის კურიერში" გიგა ბოკერიას ინტერვიუს შემდეგ გახდა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყანას, ომის წაგების მერე ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით მიაყენა.
"მათ ახლა აქვთ საფუძველი ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მიერ მიცემული, რომ ხელია მოწერილი დოკუმენტზე, რომელიც შეუძლიათ ყოველთვის სამართლებრივად გამოიყენონ, რომ მერე ამას ტანკები მოაყოლონ - აი ეს არის ყველაზე უფრო ცუდი, რაც კი ყოფილ ხელისუფლებას შეეძლო გაეკეთებინა რა თქმა უნდა ომის წაგების მერე. არაფერი არ უშლიდა ხელს იმაში, რომ რუსეთი როგორც ოკუპანტი დაფიქსირებულიყო და მერე ამ პუნქტიანად არ მოეწერა ხელი.
ოკუპანტი ისედაც იყო აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ამ შემთხვევაში არანაირი გამართლება იმას, რომ იქ რაღაცა კომპრომისი დაუშვეს, რაც იმ წუთში მათ გამართლებული ეგონათ, მაგრამ ისტორიულად მომავალი თაობებისთვისაც კი ეს შეიძლება სერიოზული თავის ტკივილი გახდეს და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერსად ვერ გაექცევიან," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება იყო. თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქართულმა მხარემ "ყველაფერი ვერ გაიტანა" და დოკუმენტში ჩაიწერა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მოხდა მოვლენების ესკალაცია.
გიგა ბოკერიას განცხადებას "ღამის კურიერში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ოპონენტი ტყუილში დაადანანშაულა.