2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუცია და სადაო მე-5 პუნქტი, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ბრალდებების თემაა. ეს საკითხი აქტუალური გუშინ "ღამის კურიერში" გიგა ბოკერიას ინტერვიუს შემდეგ გახდა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუციის მე-5 პუნქტზე ხელის მოწერით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას უღალატა.
"ხალხი, რომელიც განსაკუთრებით ღიზიანდება ვითომ მოჩვენებითად ოკუპაციის თემაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბაბლს ვგულისხმობ, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი და ამ რეზოლუციას, სადაც ეს ეწერა მხარი დაუჭირეს და დღეს ეძახიან კომპრომისულს და გამარჯვებად ნათლავენ ამ დოკუმენტს. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს იცით რა იყოო, რას ამბობენ, რომ ოკუპაცია ჩაიწერაო.
ოკუპაცია რომ არ ჩაწერილიყო, რა უნდა ჩაეწერა ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს. ტურისტებად არიან ჩამოსულები, ცხინვალს გამოსცდნენ ტურისტული მიზნებითო თუ რა უნდა ჩაეწერათ? მითხრას რომელიღაცამ, რა შეიძლებოდა ჩაწერილიყო თუ არა ის, რომ ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელეს რუსებმა?!
ღალატი აქვს "ნაცმოძრაობას" ამ ქვეყნის ჩადენილი რეზოლუციის ამ პუნქტზე მხარდაჭერით და ეს არსად მიდის, ეს არის დოკუმენტი. ვინ რა თქვა კი არა, ვინ რა გააკეთა იმაზე გვაქვს საუბარი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება იყო. თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქართულმა მხარემ "ყველაფერი ვერ გაიტანა" და დოკუმენტში ჩაიწერა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მოხდა მოვლენების ესკალაცია.
გიგა ბოკერიას განცხადებას ასევე "ღამის კურიერში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ბოკერიას განცხადებას ტყუილი უწოდა.