16 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
3200 უბანზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესის ვიდეოგადაღება, ფაილები აიტვირთება google drive-ის პლატფორმაზე - ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 3200 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის ფარგლებში, მიმდინარეოებდა ვიდეოგადაღება და უახლოეს პერიოდში ფაილები ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მისივე ინფორმაციით, დანერგილი სიახლეების გამო, იყო გარკვეული პროცედურული ხარვეზები, თუმცა მას უმრავლეს შეთხვევაში გავლენა არ მოუხდენია ხმის მიცემის პროცესზე. 

"კენჭისყრა დასრულდა 20 საათზე და დაიწყო მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, რომელიც უკავშირდება ხმების დათვლის პროცესს. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის და პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის, ასევე, ყველა დონის კომისიის წევრსა და თანამშრომელს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებს და მედიას.

დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი მიგნებების შესახებ და ვუზიარებდი დეტალებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე.

3200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, წელს პირველად კენჭისყრის პროცესის ვიდეო გადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება google drive-ის პლატფორმაზე და უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ასევე, ხმის დათვლა მიმდინარეობს კრწანისის საარჩევნო უბნებზეც სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც შესაბამისი პილოტის მიზნებიდან გამომდინარე.

ამ მრავალ სიახლეს ახლდა გამოწვევებიც - ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი შემთხვევებისა,"- განაცხადა კალანდარიშვილმა

დღის ამბები