16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა თბილისსა და კიდევ 20 მუნიციპალიტეტში საჭირო იქნება მეორე ტურის ჩატარება. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

"მივულოცავ ყველას გუშინდელ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. როგორც უკვე მოგეხსენებათ, ცესკო-მ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში.

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის ეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახი კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები