ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს მესამე თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" 47%-იანი მხარდაჭერა აქვს. პროპორციულ ნაწილში მიღებულმა შედეგმა მმართველ ძალას, როგორც გუნდში აცხადებენ, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშზე მერვე გამარჯვება მოუტანა.
საზოგადოების ნდობის გამართლებაზე საუბრობენ მთავარ ოპოზიციურ პარტიაშიც, სადაც განმარტავენ, რომ არჩევნების შედეგებმა ამომრჩევლის განწყობა და ცვლილებების საჭიროება აჩვენა.
"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ძალას კიდევ ერთხელ, მეორე ტურში მოსინჯავს. სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებაა მათი პირველი რიგის ამოცანა. მიზნის მიღწევაში კი მათ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაეხმარებიან. მათ შორისაა "ლელოც", რომელიც მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს, თუმცა საკუთარი შედეგებით უკმაყოფილოა. პარტიები თანხმდებიან, რომ ახლა ოპოზიციური ერთობა აუცილებელია.
როგორც ინდივიდუალურ, ასევე ოპოზიციის ერთობის შემთხვევაშიც "ქართული ოცნება" გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპონენტების გეგმებში რევანშისტულ ხელწერას ხედავს და ამბობს, რომ ამ გზავნილს საზოგადოებამ შესაბამისად უპასუხა.
საკუთარი ხმების დაცვას დამოუკიდებლად, ოპოზიციური ერთობის მიღმა აპირებს გიორგი გახარიას პარტია. ამ პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, რომელმაც არსებული მონაცემებით პროპორციულ ნაწილში მესამე ადგილი დაიკავა, "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” მეორე ტურში ოპოზიციას მხარდაჭერის პირობას აძლევს.