16 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი მოთხოვნა 2 საქმეზე მსჯავრდებული და 4 საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა. 

ადგილზე დამონტაჟდება სცენა და ოპოზიციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირკიტაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

"ეს არის დაწყება საპროტესტო აქციებისა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს აქციები ჩატარდება არა მხოლოდ აქ, რუსთავში, იქნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ასეთი შეფასება აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. საქართველოს მოქალაქეები ამაში ღრმად არიან დარწმუნებული.

ასევე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებაზე და მას ექნება საშუალება, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში,“ - აცხადებს დავით კირკიტაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდა პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი.

"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არის ციხეში. ეს ჩვენი სირცხვილია, მართლა მსოფლიო ხომ არ უნდა გავაცინოთ. ილია გვყავდა, მოღვაწეები გვყავდნენ და ვიცით ციხეში მჯდარი კაცის ფასი, მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუციები აქვს საქართველოში შექმნილი. ახლა მაინც ხომ გვაქვს შედარების საშუალების უნარი,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები