ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული სადამკვირვებლო მისიებში, საკუთარ პირველად შეფასებებს აკეთებენ.
ეუთო/ოდირის პირველადი შეფასების შემდეგ დღეს წინასაარჩევნო და უშუალოდ კენჭისყრის დღის მონიტორინგის შესახებ განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების საელჩომ.
ენმ-ის წევრი ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ თუ ვინმე ახდენს პოლარიზაციას, ოპონენტებს პოლიტიკურად დევნის და იმუქრება ციხით ეს არის "ქართული ოცნება".
"კარგი იქნება, თუ ის მოვა გონს და მიხვდება, რომ დაიწყო მისი ძალაუფლების გადაბარების პროცესი და მშვიდად შეხვდება ამ ყველაფერს, ეს ქვეყნისთვის არის უკეთესი, ამიტომ "ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ მშვიდად, ნელ-ნელა გადააბაროს ხელისუფლება," - აცხადებს ნიკა ობოლაძე.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დაკავებულია პოზიტიური მარცვლების ამოკრეფით, რასაც თავი უნდა დაანებონ.
"იყო მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება და ა.შ. და ბევრი სხვა რამ, მგონი არაფერი დაუტოვებიათ, მედიაზე ზეწოლა და სხვა, რაც რეალურად ხდებოდა და ეს დაადასტურა ამერიკის საელჩომაც და სხვა განცხადებებმაც. "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაანებოს თავის მარცვლების ამოკრეფას, სადაც პოზიტიურს ნახავენ და პროპაგანდის ამ მხრივ წარმოებას და უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე ტურში ასეთი რამ არ მოხდეს," – აცხადებს გიგი წერეთელი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წევრი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ საკმაოდ ობიექტური შეფასება ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებს არჩევნებთან დაკავშირებით, და ასევე ამბობს, რომ შეფასებები საკმაოდ კრიტიკული იყო.