სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად 2 საათზე მეტია იმყოფება მისი თანაგუნდელი ხატია დეკანოიძე. მან შესვლამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ იგი დაბრუნებულიყო საქართველოში, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, მე მექნება შესაძლებლობა, რომ მოვინახულო იგი, როგორ არის, როგორ გრძნობს თავს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი მოთხოვნა 2 საქმეზე მსჯავრდებული და 4 საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.